ქარდა ქარდუხი

განუკურნებელი სენი

13/06/2011 09:57


 

            სათაურიდანვე მოდის ცნობისწადილი და ინტერესი, აბა ყოველთვის ხომ არ ნახავ ასეთ სათაურს „როგორ გავხდი იდიოტი“?  არა შინაარსი დიდად არ განაცვიფრებს კაცს, საქართველოში ვის გააკვირვებ იმით თუ როგორ გახდი იდიოტი, მაგრამ ამის აღიარება და ამ ნაწარმოების სათაურადვე გადმოტანაა ცოტათი უცნაური. გამსახურდიასეული „ბრძენი უნდა იყო და თავი შლეგად უნდა მოგქონდეს“ ცოტა სხვაა ალბათ, აქ უფრო ცხოვრებისეულ, პრაგმატულ იდიოტობაზეა  საუბარი,, დოსტოესკის იდოტი არ გაგახსენდება არაფრით,  აქ უფრო საუბარია სასჯელზე რომელსაც ჭკუა ქვია  „აი, ჭკუისაგან განკურნება კი შეუძლებელია“. კარგი  ბატონო შეუძლებელია მაგრამ რა საჭიროა? კაცობრიობა მისი დღედა მოსწრება იმას არ მიელტვის როგორ გახდეს უფრო ჭკვიანი, ინტელექტუალური და ბრეძენი?  რაღა საჭიროა ჭკუისაგან განკურნება?  „ვაი ჭკუისაგან“  ვითომ? არადა ვისაც საქართველოში თუნდაც ერთი დღე უმუშავია, განსაკუთრებით კი საჯარა დაწესებულებაში, თითქმის ყველგან, მართლაცდა საოცრად იღბლიანი გამონაკლისის გარდა, ალბათ ადვილად მიხვდება რა საოცრად ზედმეტი  ტვირთი შეიძლება იყოს ჭკუა. კი გვასწავლის დიდი გურამიშვილი „ჭკუა უხმარს არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარებისო“,  მაგრამ ბიჭი ხარ  და მოიხმარე  ახლა ჭკუა, დღევანდელ საქართველოში, თან ცოდნით. თუმცა საქართველოში რა, საფრანგეთშიც ვერ მოიხმარ თურმე.  არის ერთი ახალგაზრდა კაცი საფრანგეთში, მარტინ პაჟი,რომელიც დააფიქრა ეტყობა ჭკუის  ტვირთმა თორემ არ გაუჩნდებოდა სურვილი მსგავსი რომანის დაწერის: უმჯობესია ბრიყვი გერქვას, ვიდრე-  ჭკვიანი; რადგან ვერც ერთი ბრიყვი ვერ ხვდება, რომ ბრიყვია და ყველა ჭკვიანმა, მათ შორის ყველაზე მოკრძალებულმა და თავმდაბალმა, მშვენივრად იცის, რასაც წარმოადგენს. „

         რაც საიტებზე მოვიძიე ინფორმაცია, მისი დებიუტი ყოფილი ეს წიგნი, თანაც ოცდაათისას გამოუცია, 2006- ში, სადღაც 34 წლისა გამოდის და ამიტომაც ვიფიქრე არაა ურიგო დებიუტი მეთქი. მართალია რუსულ საიტებზე სუფევს აზრი სუსტი ნაწარმოებია და მაგის წაკითხვას „იდიოტი“ იკითხეო, მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია და მართალი გითხრათ ამ ნაწარმოების ლიტერატურულ-კრიტიკული შეფასება არც მომსვლია აზრად თუმცა არც მხატვრული და ლიტერატულული თვალსაზრისით მომჩვენეია ურიგო, უფრო  იმ იდეამ გამიტაცა, ნაწარმოების გმირი- ანტუანი,-  ვერაფერს რომ ვერ უხერხებს ჭკუას, რწმუნდება რომ სრულიად ზედმეტი ბარგია ჭკუა, და  იდიოტად გახდომას, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ ნორმალური, დღევანდელობასთან ადაპტირებული მოქალაქედ გახდომას რომ გადაწყვეტს. ამის მიღწევა ერთი შეხედვით ძალიან ადვილი მოგეჩვენებათ ალბათ მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ეს სიადვილი მოჩვენებითი აღმოჩნდება: პირველ რიგში ფიქრის უარყოფასლამობს, რაც უსაშველოდ გაუჭირდება, მაგრამ მეგობარი ექიმი დაეხმარება და საამისო წამალს  „ჰეროზაკს“ გამოუწერს, ჭკუა ხომ ავადმყოფობაა, ჰოდა შესაბამისად აბებით უნდა განკურნო, და თქვენ წარმოიდგინეთ მიაღწევს საწადელს, სამსახურსაც ადვილად იშოვის, ბირჟაზე საოცრებებსაც მოახდენს და რესპექტაბელური მოქალაქეც გახდება. რა თქმა უნდა წიგნში სხვა შრეებიცაა და ძირითადად ალბათ სხვა რამეზეა საუბარი, მაგრამ მე ამ კუთხით მომეწონა და ამიტომაც  ამ ჭრილში გავყურებ, რაც არა მგონია დანაშაული იყოს. კი ვიფიქრე შეიძლება პრაგმატულ საყოფაცხოვრებო უტილიტარიზმზე მეტად ფილოსოფიურ განზომილებაში საუბროს მწერალი-მეთქი, მაგრამ არც ეს უშლის ხელს. ყველანაირად ზედმეტი გამოდის ჭკუა, საფრანგეთშიც და საქართველოშიც.  აკი გვითხრა უფალმა არ ჭამოთ ხე ცნობადის ნაყოფი, ვერ ატარებთ თქვენ მოკვდავნი ამ სიმძიმესო, ალბათ ამ ცოდვილ „ჭკუას“ თუ გულისხმობს ავტორი.

        მოკლედ ანტუანს  ყოველგვარი უბედურება ჭკუისაგან და შესაბამისად ფიქრისაგან ჭირდა და მოისვენა კაცმა-  შეწყვიტა ფიქრი, დამშვიდდა და ფულიც ბლომად კი არა და იმაზეც მეტი იშოვა, ჰოდა, გააგრძელებდა ანტუანი ასე „მშვიდად“ ცხოვრებას აწ და მარადის და სულის აღმოხდომამდე, თუმცა სულიერება უკვე აღმომხდარი ქონდა, ასე რომ ხორცის  გახრწნამდე, თუმცა ხორცსაც დაეწყო უქვე გახრწნა, ასე რომ გააგრძელებდა ანტუანი ასე „მშვიდად“ ცხოვრებას   სიკვდილამდე, მაგრამ უშველეს მეგობრებმა, თან ისე უშველეს რომ  „ჰეროზაკის“ ორმაგი დოზაც უსარგებლო აღმოცნდა უკვე და ვეღარ მოარჩინა განუკურნელი სენისაგან, „ჭკუა“ რომ ჰქვია. ავადმყოფობა კი „ფუთამ“ განუახლმა,  რომელიც როგორც ვთქვი, მეგობრებმა გამოუგზავნეს ფოსტით და რომელშიც გუსტავ ფლობერის წერილების ჯიბის გამოცემა აღმოჩნდა ბომბივით რომ აუფეთქდა  სულსა თუ ცნობიერებაში და სულისკნელაუფორიაქებულს ამდენი ხნის მკურნალობა წყალში ჩაუყარა.

        საქართველოში მოსამსახურე პირებს კი რომელი „ფუთა“ უნდა გამოგვიგზავნონ ნეტა,  ჩვენაც რომ შევეშვათ მკურნალობას, ჭკუისაგან განკურნების მცდელობას, ფიქრისაგან განკურნების მცდელობას?  მე ასე დავინახე ეს პატარა წიგნი და მადლობა მთარგმნელს ქალბატონ მაია ქაცანაშვილს, რომ მომცა საშუალება კიდევ ერთხელ „შემეწყვიტა მკურნალობა“, დავფიქრებულიყავი და ფიქრები თქვენთვისაც  გამეზიარებინა, ამიტომ მომეწონა ეს წიგნი-  ყველას ვინც  კი წაიკითხავს ფიქრისკენ რომ მიაბრუნებს თუმცა, ისიც საკითხავია ამ გაგანია უმუშევრობისას რამდენად ღირს „მკურნალობის შეწყვეტა“  და ფიქრი?

 

ჟურნალი "ჩვენი მწერლობა" (N 12;  10 ივნისი; 2011 წელი)

  

© 2009 All rights reserved.

Make a free websiteWebnode