ქარდა ქარდუხი

ქართული ოცნება

 

 

ქრთული ოცნება

"ითხოვა კარავი დადგმად ველსა ისანისასა..."

უცნობი მემატიანე.

 

     საქართველოში პირველი დემოკრატიული გაბრძოლების  სულის ჩამდგმელის ყუთლუ–არსლანის  "ნიჭთა გონებისა მზაკუარებას" მიაწერს  მემატიანე პარლამენტარიზმის იდეას, და ცხენისა და ჯორის  " სახედ" სახავს მას. ვერ გაიმარჯვა მაშინ  " ისნის კარავის " იდეამ, და მას აქეთ 800 წელია  ნამდვილი "ისნის კარავი" ვერ შეგვიქმნია: თამარ შვიდმნათობიერს, სამების მეოთხე ჰიპოსტასს, შეჰკადრეს 8 საუკუნის წინ ძალაუფლების განაწილება და დემოკრატიული რეფორმები  ქართველებმა, მაგრამ არ გახდა მაშინ დემოკრატია "ქართული ოცნება" და ვერ  მიაღწიეს  საკონსტიტუციო მონარქიის შექმნას, თუმცა სამეფო დარბაზს აშკარად გაეზარდა უფლებები. მაშ რა იდეა იყო მთავარი მაშინ, საქართველოში? საერთო კავკასიური სამეფოს შექმნა და მზადება ბიზანტიის ჩასანაცვლებლად.

 ქართველთა მესიანიზმი  აშენდა და დაეფუძნა იმ რწმენას რომ: უფლის კვართი მცხეთაშია დამარხული, –  საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანაა,–ქართული ენა მეორედმოსვლის ენაა,– ბაგრატიონები დავით წინასწარმეტყველის შთამომავლები არიან...

     ქართველთა ეს თვითრწმენა მაინც იმ ისტორიულ, ძლევამოსილ საქართველოში ჩამოყალიბდა რომლის იდეოლოგები საერთო კავკასიური სახელმწიფოს შექმნასა და  ძლიერი ქართული ქვეყნის ჩამოყალიბებას ფიქრობდნენ. ფიქრობდნენ მართლმადიდებლური ცენტრის კონსტანტინეპოლიდან საქართველოში გადმონაცვლებას. ფიქრობდნენ არცთუ უსაფუძვლოდ, XII საუკუნის საქართველოს რუკას  თუ გადავხედავთ. მაგრამ მოგეხსენებათ  ჯერ მონღოლთაგან ლტოლვილმა ჯალალედინმა და შემდეგ თვითონ მონღოლებმა ამ იდეას საბოლოოდ მოუღეს ბოლო. კავკასიური სახელმწიფოს შექმნის იდეას კი მოეღო ბოლო, მაგრამ მესიანიზმი დარჩა, და ქართულ სინამდვილეში გიორგის ბრწყინვალის მეტეორივით გაბრწყინების შემდგომ თითქოსდა კავკასიის იდეამაც დაიწყო ფენიქსივით მკვდრეთით აღდგომა, მაგრამ ახლა უკვე სპარსეთმა და ოსმალეთმა დაასამარა საბოლოოდ ალბათ , თუმცა ზვიად გამსახურდიას ეპოქამ,  კვლავ გააჟღერა ქართული მესიანობაცა და საერთო კავკასიური სახელმწიფოს იდეაც. დღევანდელი გადსასახედიდან ერთიანი კავკასიური სახელმწიფო, თანაც საქართველოს  წინამძღოლობით სასაცილოდ გამოიყურება რბილად რომ ვთქვათ და მხოლოდ ამპარტავნებისა და მეოცნებეთა გონებებში თუ ბუდობს. მაშ რატომ სულდგმულობდა ერი ამ იდეითა თუ იმედით? თუ მოგონილი და ხელოვნური იყო ეს  წამოწყებანი? რაა დღეს ქართული ოცნება?

   ერთიანი საქართველოს დაშლიდან მოყოლებული, მას შემდგომ რაც  ოთხ სამეფოდ  და სამ სამთავროდ განიწვალა ქართული სხეული, ქართველი კაცის ოცნება, და ნატვრა იყო, საქართველოს ტერიტორიული განმთლიანება, საქართველოს დამოუკიდებლობა და ქრისტეს სჯული. ეს განუყოფელი სამება გახლდათ რასაც დაატარებდა ქართველი კაცი ქართულ სამეფოებში თუ ისპაჰანში თუ  ისტანბულში ან სულაც რომის პაპის ეკვდერებსა თუ საფრანგეთის მეფის კარზე. ლეონტი მროველის იდეა საერთო კავკასიური სამეფოს შექმნისა ჩაანაცვლა უფრო მოკრძალებულმა, საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის იდეამ. ილია მართალმაც ზუსტად იგრძნო ქართული

მაჯისცემა და მკაცრად განსაზღვრული

იდეაც, დევიზი თუ სამოქმედო პროგრამა გააჟღერა:  მამული, ენა, სარწმუნოებასაინტერესოა რომ ენას აქ აქვს სუვერენულობის დატვირთვა; სწორედ დამოუკიდებლობის იდეას ატარებს ქართული ენა ამ დროიდან მოყოლებული, და არ იყო შემთხვევითი  რომ ქართული ეროვნული მოძრაობის აღმასვლაც ( ქართული ენა –ლაზარე) ფაქტიურად სწორედ ქართული ენის დაცვით დაიწყო, ახალი ტალღა მაინც.

 და მაინც, დღეს რა არის ქართული ოცნება?    დღეს რა არის ქართული ოცნება? ამერიკული გვახსოვს– ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება იყოს თავისუფალი, შედგეს როგორც ადამიანი.  ("life, liberty, and the pursuit of happiness. სიცოცხლე, თავისუფლება და სწრაფვა ბედნიერებისაკენ) ამ იდეის გაცოცხლებას საკუთარი სიცოცხლე შესწირა კინგმა. საკუთარი სიცოცხლე შესწირა ილიამ ქართული ოცნების ხორცშესხმას. მიაღწია კინგმა თავისი ოცნების განხორციელებას.  ილიას გეგმამაც და  იდეებმაც შეისხეს ხორცი და მაშინ საქართველო გახდა დამოუკიდებელიც, ერთიანიც და ავტიოკეფალიური ეკლესიის მქონეც

უეჭველია, ერი რომელიც სწორად განსაზღვრავს თავის ოცნებას მას აუცილებლად მიაღწევს და აიხდენს.  დღეს ჩვენ ვამბობთ საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავის დაკარგული ტერიტორიები და გახდეს თავისუფალი ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. ეს არის ქართული ოცნება? თითქოსდა ყველაფერი ადგილზეა, წარსულის ფესვებიდან მივიღეთ ღვთიური გონითა თუ მემკვიდრეობით თუ გენებით, დამოუკიდებლობა, ერთიანობა, რწმენა. დამოუკიდებელი ვართ, ყოველშემთხვევაში ილიაც კი ვერ იოცნებებდა ამ დონის სუვერენიტეტზე მაშინ; არავინ არ გვიშლის რწმენას; ჩვენს მეფეებს არავინ არ იბარებს სულთნისა თუ შაჰის კარზე და არ აიძულებს  ქრისტიანობის უარყოფას; ქართული ეკლესია დამოუკიდებელი, ავტოკეფალიური და აღიარებულია. მაშ რა ხდება ? ტერიტორიული მთლიანობაღა დაგვრჩა? ქართული ოცნება დღეს არის საქაართველოს ტერიტორიული მთლიანობა? მაშ როგორ მივაღწიოთ? ყველა ჭკუთმყოფელი ხვდება რომ "ჟანგიანი" ტანკებისა და "მოშლილი" ეკონომიკის რუსეთს ვერაფრით ომს ვერ მოუგებ. როგორ ავიხდინოთ ოცნება? თუ მხოლოდ ვიოცნებოთ და ვიყოთ?  ყველაზე რეალურ გზად რატომ გვესახება ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება? ევროატლანტიკური სივრცე არის ქართული ოცნება თუ პოლიტიკოსთა მოგონილია? თუკი არის, მხოლოდ იმიტომ ვოცნებობთ ევროატლანტიკური სივრცეში შეღწევას რომ ამით შანსი გვეძლევა ტერიტორიების დაბრუნების? მოსახლეობის განწყობა ასეთი ჩანს ყოველშემთხვევაში. მაგრამ რუსეთმა რომ დაგვიბრუნოს ტერიტორიები, რაზე ვართ წამსვლელი? ეს განწყობაც ხომაა? ვიყოთ რუსეთთან, ოღონ ერთიანობა შევინარჩუნოთო? მაშ რა ვუყოთ ილიას ოცნებას? რა ვუყოთ ენას და თვითმყოფადობას? მთავარი ხომ არ გვავიწყდება? ადამიანის თავისუფლება.

ადამიანი იბადება თავისუფალი.

არ შეიძლება არათავისუფალმა ადამიანმა  ან ადამიანთა ჯგუფმა თავისუფალი სახელმწიფო შექმნას! არ შეიძლება პიროვნული თავისუფლების არ მქონე ქართველებმა შემოიერთონ დაკარგული ტერიტორიები! არის ქართული ოცნება რომ ვიყოთ თავისუფლები, თავისუფალი პიროვნებები? გულწრფელად დავუსვათ ჩვენ თავს კითხვა, ვართ თუ არა თანახმა აფხაზეთი და სამაჩაბლო ისე დავიბრუნოთ რომ იქ არცერთი აფხაზი და ოსი არ ცხოვრობდეს?

ვკითხოთ ჩვენ თავს,  დავუშვებდით თუ არა ამ ალბათობას?

თუ არა, მაშინ რა უნდა ვქნათ რომ აფხაზი და ოსი თანახმა იყოს ჩვენთან ცხოვრების?

თუ საქართველოში ქართველი არაა თავისუფალი როგორ იქნება იქ თავისუფალი აფხაზი? თუ თითოეული ქართველი და საქართველოს მოქალაქე არ გათავისუფლდა, ვერც საქართველო გათავისუფლდება. ქართული ოცნება– იყოს თანამედროვე ცივილიზაციის წევრი, იყოს სუვერენული და ჰქონდეს მტკიცე, ურღვევი სახელმწიფო– აპრიორი მოიაზრებს ჩვენს თავისუფლებას, თითოეულის თავისუფლებას. მხოლოდ თავისუფალი პიროვნებების ქვეყანა გახდება ევრო ატლანტიკური ცივილიზაციის წევრი. ტერიტორიების დაბრუნება კი ამის შემდეგ მხოლოდ ტექნიკური საკითხია. მხოლოდ დემოკრატიულმა და თავისუფალმა გერმანიან შეძლო შემოერთებინა გაეროს წევრი "გდრ", ისე რომ თითიც ვერ გააქანა ატომური ქობინებით გატენილმა საბჭოთა კავშირმა. ყველაზე მარტივი გზა საქართველოს გაერთიანებისა არის თითოეული ჩვენგანის გათავისუფლება. თავისუფალი პიროვნება არავის დასჯას არ მოიფიქრებს და არც თვითონ დაასჯევინებს ვინმეს თავს. არ შეიძლება ანგარებიანი ამომრჩევლის ანგარებით  არჩეულმა ხელისუფლებამ ქართული ოცნება  აახდინოს. მონური ფსიქიკის საზოგადოებას ეშინია ცვლილებების. თავისუფალი პიროვნებებისაგან შემდგარი საზოგადოება ყოველთვის ცვლილებებისაკენ, სიახლისაკენ და განვითარებისაკენ მიისწრაფვის.

დაღლილი და შეგუებული საზოგადოება დასაღუპად განწირული საზოგადოებაა. ქართველი ერი კი არაა დასაღუპავად განწირული თუკი გვწამს, ხოლო თუ არ გვწამს მაშინ თვითონ არსებობა კარგავს აზრს. ქართული ოცნება კი ყოველთვის ღვთის რწმენას ეფუძნებოდა.ხოლო ღვთის რწმენაც და ქართული ოცნებაც, ადამიანის  თავისუფალ ნებას გულისხმობს.

 

 

ქარდა ქარდუხი                                                         

 

 

   (წერილი დაიბეჭდა ჟურნალ  პოსტ ფაქტუმ  -  ში  2009 წელს,  მე 4 ნომერში )

 

 

Photo used under Creative Commons from Mizrak  © 2009 All rights reserved.

Make a free websiteWebnode