ქარდა ქარდუხი

პოსტ ფაქტუმ

 

"კანიბალი" კარიბჭესთანაა

"ნურასოდეს ნუ ჩაიფიქრებთ ნურაფერს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან
თქვენს ყოველ ხრიკს ის წარმოუდგენელი სისულელით უპასუხებს"

ოტო ფონ ბისმარკი


    ვიცით რომ "ისტორიას არა აქვს გაკვეთილები", მაგრამ მაინც  ჯიუტად ვცდილობთ რაღაცა ვისწავლოთ წარსულიდან, თუმცა ნათქვამია, მხოლოდ ჭკვიანები სწავლობენ სხვის შეცდომებზე, სულელები კი საკუთარზეც ვერაო. უახლოეს წარსულს რომ გადავხედავთ უმწეობამდე მისული ღიმილი აგესალტება კაცს ტუჩების კუთხესთან, იმდენად მარტივი, მიუტევებელი, ჭადრაკში "ბავშვური ქიში" რომ ქვია, ისეთი მიამიტი შეცდომების გროვა გვაქვს დატოვებული ზურგს უკან, გროვა რომელიც ლამისაა ჩამოზვავდეს და დაიტანოს 3000  წლიანი ისტორიის მქონე ერი. თითქოს ბედისწერად გვექცა აგვისტო ქართველებს. 1992 წლის აგვისტოში "დაგვემართა" ომო აფხაზეთში. 16 წელია ვარკვევთ ვინ დაიწყო ომო მაშინ; კიტოვანმა, არძინბამ თუ შევარდნაძემ. გავეცით ამ კითხვას ჯერ პასუხი?! ვერა და ვერასოდეს ვერ გავცემთ, რადგან ხსენებული სამი ლიდერი ერთი არსის სამი სახელია მხოლოდ, არსის რასაც რუსეთის იმპერია ეწოდება, მაგრამ მაინც პასუხგაუცემელია კითხვა ვინ დაიწყო ომი მაშინ აფხაზეთში? იმდროინდელი მასობრივი ინფორმაციები ამტკიცებდნენ ქართველებმაო, უბრალოდ, მერე რუსებმა ეთნიკური წმენდა განახორციელეს ქართველებისაო.
 ახლა? 2008 წლის აგვისტოში ვინ დაიწყო ომი? ოდესმე გავცემთ ამ კითზვას პასუხს? საერთაშორისო საზოგადოება ხელს იბანს, ვაფრთხილებდით სააკაშვილს პროვოკაციას არ წამოგებოდა და ომი არ დაეწყოო?! სააკაშვილი ამბობს, მოეცათ "მაპი", მაშინ აპრილში, ვაფრთხილებდი მსოფლიოს, რომ რუსეთს ჩვენი დაპყრობა სურდა, მაგრამ არავინ არ დამიჯერაო! მაშ გამოდის რუსეთს დაუწყია ომი, მარტივად ასე ჩანს?! მაგრამ რუსეთმა ხომ ომი 1801 წელს დაიწყო და საქართველო მას აქეთ ებრძვის ამ კანიბალური წყობის იმპერიას, ომპერიას რომელიც თავის ირგვლივ ერებს, ხალხებს, ეთნოსებს ყლაპავს, ისრუტავს და სისხლს წოვს? კითხვა იმაშია მაინცადამაინც ახლა რატომ ვუპასუხეთ? ჩვენ 1994 წლიდან გამოვუცხადეთ ომო რუსეთს და ჩვენს ომს ერქვა "არ შეგებრძოლებით!" ჩვენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა გვებრძოლა იმისთვის  რომ  "არ შევბრძოლებოდით" ამ პატარა ერების მეკუბოე სახელმწიფოს, სახელმწიფოს რომელის საუკეთესო შვილებიც კი სხვათა ერების მიწებზე ოცნებობენ.  მხოლოდ ომზე უარის თქმით შეიძლებოდა რუსეთზე ომის მოგება. დიახ ეს უდიდეს მსხვერპლს მოიტანდა, შეიძლება ახლანდელზე მეტს, მაგრამ შედეგი გვექნებოდა ახლანდელზე გაცილებით უკეთესი!
რუსეთის ერთერთი მთავარი მოთხოვნა ომამდე: მოაწერეთ ხელი ომის განუახლებლობას!
ჩვენი პასუხი-  არა! ჩვენ თავმოყვარე ხალხი ვართ, ეს ხელმოწერა კი ნიშნავს რომ ჩვენ ვთმობთ აფხაზეთსა და ოსეთს?! ახლა მოვაწერეთ? მოვაწერეთ და თან თავდებში ევროკავშირი დავიყენეთ! ჩვენ ვერასოდეს ვერ განვაახლებთ ომს. მაშ მანამდე რა გვიშლიდა? ამ ხელმოწერით ხომ მაშინ, ( ჯერ კიდევ შეგვეძლო), დავარწმუნებდით აფხაზებსა და ოსებს რომ მათთან ომს არ ვაპირებდით, პირიქით დავუმტკიცებდით მათ რომ ისინი ძვირფასია ჩვენთვის, ხოლო მსოფლიოს დავანახებდით რომ ჩვენ არ ვართ გენოციდის ჩამტარებელი ერი, რუსეთისგან განსხვავებით, რომელმაც ჩეჩნების გაჟლეტვით ჩეჩნური მიწა დაიპყრო?! რუსეთმა ომამდე დატოვა ხელშეკრულება რომლითაც დსთ-ის ქვეყნებს არ უნდა მიეწოდებინათ იარაღი სეპარატისტებისთვის! ჩვენი პასუხი? რად დავრჩით ამის შემდეგ დსთ-ში? როგორც კი ნახევარი საქართველო დაიპყრეს ხომ მაშინვე გამოვედით? რუსების მთავარი ბრალდება ომში იყო: ქართველებმა ესროლეს სამშვიდობოებს! ახლა ხომ გამოვაცხადეთ ოკუპანტებად? მაშინ რა გვიშლიდა ხელს? დსთ-ის დატოვებით ხომ კარგავდნენ სამშვიდობოები სტატუს? მაშინ რად არ გამოვაცხადეთ მხარედ? რუსეთი ომამდე გამოვიდა სტამბულის ხელშეკრულებიდან, და კავკასიაში სამხედრო ტექნიკის კვოტა და ლიმიტი გაიუქმა?! ჩვენი პასუხი? რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა პირდაპირი კავშირის დამყარება აფხაზეთთან და ოსეთთან! ჩვენი პასუხი? ეს რა, აღიარება არ იყო? არტილერიას რომ გესვრიან და შენ უპასუხებ, ემოციურად გასაგებია, ძნელია არ უპასუხო! მაშ რად არ ვუპასუხეთ პუტინის იმ დადგენილებას დიპლომატიური კავშირის გაწყვეტით? არტილერიისაზე ნაკლები იყო ის ჭურვი? მეტი რაღა უნდა ექნა რუსეთს? მაინცდამაინც თბილისამდე უნდა მოსულიყო? მაინცდამაინც მთელი დასავლეთ საქართველო ფეხთქვეშ მოექცია უნდა დიპლომატიური კავშირი რომ გაგვეწყვიტა? ეს ის მწარე კითხვებია რომელსაც ხშირად ვიმეორებთ და ვერ ვპასუხობთ.
    "გამარჯვებით დაგვირგვინებული ომიც კი – ბოროტებაა, რომელიც ხალხის სიბრძნით უნდა ავიცილოთ". წერდა ბისმარკი, არადა გაეგებოდა იმ კაცს ომის, რუსეთისაც გაეგებოდა, თანაც ღრმად, თუმცა ბისმარკს მისმა გერმანელმა მემკვიდრეებმა არ დაუჯერეს, ქართველები დავუჯერებდით?
    ერთადერთი იმედი ახლა ისაა რომ ჩვენ ვართ მართლები! სამაჩაბლო ისტორიულად ყოველთვის საქართველო იყო! ჩვენ ოსებთან მართლები ვართ! სამაჩაბლოში ჩვენ მართლა რუსებს ვებრძოდით! 16 წლის შემდეგ გამოჩნდა რომ ომი აფხაზეთში რუსებმა დაიწყეს; ჩვენ ხომ ახლა მაინც არ შეგვიტევია კოდორზე? აქ მაინც ხომ რუსებმა შემოგვიტიეს? აფხაზებმა ხომ  15 წლის შემდეგ ზურგში ჩაგვცეს მახვილი?! ეს ხომ მათ ააწიოკეს და დაიპყრეს განმუხური, ხურჩა, მუჟავა, ფახულანი?! ახლა საქართველოს იმედი საერთაშორისო საზოგადოებაა ჩვენი სიმართლით. ახლა ჩვენი იმედი რუსეთის ისტორიული ღორობაა, რომელიც არ შეჩერდა სამაჩაბლოს საზღვრებთან და ნახევარი საქართველოს დაპყრობით თავისი გეგმები გამოფინა სამზეოზე. ახლა ჩვენი იმედი ის სასწაულია რომელიც თეთრ ცხენზე ამხედრებული მიუძღოდა ქართველთა ლაშქარს დიდგორზე.
    რა თქმა უნდა სახელმწიფოს, რომელიც მთლიანად სამხედრო რელსებზე დგას და უშველებელი გველვეშაპია, ომს ვერ მოუგებ, ხელისუფლებას ვერ დაადანაშაულებ რატომ არ ვართ ისე ძლიერი რომ რუსეთისთვის ომი მოგვეგოო, მაგრამ... როცა ამხელა სატანური სამხედრო ძალის ქვეყანა გექაჩება, მიგათრევს ომისკენ- ხელისუფლება ვალდებული იყო იმდენად ძლერი მაინც ყოფილიყო საქართველო, რომ როგორმე გადმოგვექაჩა ბაგირი, გადმოგვეთრია ბაგირი და ომში არ ჩავეთრიეთ! ასეთი ძალის მობილიზება შეიძლებოდა, მითუმეტეს რომ ამ ბაგირის გადმოთრევაში მთელი დასავლეთი გვეხმარებოდა; არ დაგეხმარებოდნენ ომში, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ "ომში არ ჩასათრევად" არ გვეხმარებოდნენ.  როგორ გავბედეთ არ გვეომა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე რათა ომში არ ჩავეთრიეთ? ასე როგორ გავახარეთ რუსეთი? ღთVI -ზეც კი ვერ მალავენ, ყველაზე დემოკრატი რუსები სიხარულს, რომ ჩაგვითრიეს ომში!
   როგორ მივაღწიეთ იმას, რომ ასე ერთიანი საქართველო დამარცხდა? გორში თავმოყრილ ვეტერანებში სხვებთან ერთად, ლოთი ქობალია, თავისი თანაგუნდელებით, და მხედრიონელებიც იყვნენ! ყველას გვახსოვს სოხუმის დაცემის წინა დღეებში როგორ სუნთქვაშეკრული ელოდებოდა საქართველო და განსაკუთრებით სოხუმი ლოთი ქობალიას მოსვლას, მაშინ ის არ მოვიდა. ყველამ დავინახეთ ოპოზიცია, რომელსაც კრემლის აგენტი უძახეს როგორ ერთიანად დადგა საქართველოს ერთობისათვის. ერთად იდგა ერი თუ ბერი, ქალი თუ კაცი, ჩინიანი თუ უჩინო. რატომღაც ყველანი დარწმუნებული იყო თუკი საქართველო უპასუხებს და იქნება ერთიანი ეს ის დრო იქნება როცა მას ვერაფერი დაამარცხებსო?! და რადგან ვუპასუხეთ ვიყავით კი მზად? აღმოჩნდა მზად ქვეყანა? აღმოჩნდა მზად ხელისუფლება? ერთ სარკაზულ ეპიზოდს მოვიყვან: როცა 9 აგვისტოს გორი დაბომბა რუსულმა ბომბდამშენმა, აღშფოთებით წამოვარდა Lლოთი (ვახტანგ) ქობალია და თქვა " ეს რა უბედურებაა, კაცო, წავალ ზუგდიდში, "სტინგერებს" ვიშოვი სადმე და ჩამოვიტანო" ეს  სიტყვები ჭორიც რომ იყოს,  მერწმუნეთ, რომ მთელი 5 დღიანი ომის დასახასიათებლად გამოდგებოდა.
  და კიდევ ერთხელ საქართველოს დემოკრატიულობაზე, რომლის არ ქონასაც ხშირად აბრალებენ ჩვენთვის '"მაპის" არმოცემას. იმან რომ საქართველო დემოკრატიული იყო, პირველი რესპუბლიკისას, ვერ უშველა იმაში ერთა ლიგის წევრი რომ გამხდარიყო, ის რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიული იყო (არადა ნოე ჟორდანიას მთავრობა რომ დემოკრატიული იყო ამაზე არავინ არ დაობს), ვერ შეუშალა რუსეთს ხელი, 1921 წელს, (მაშინაც ვლადიმირი იყო რუსეთის ბელადი), დაეპყრო საქართველო, შემოეტია სამი მხრიდან ჩვენი სამშობლოსთვის და გაენადგურებინა ქვეყანა. დემოკრატიულობა არ იყო ერთადერთი გარანტი იმისა რომ გავუძლებდით რუსეთის შემოტევას, მაგრამ  ხელისუფლებას რომ არ "დაენიშნა" პარლამენტი, არ "დაენიშნა" ოპოზიცია და ხალხის ნაღდი არჩევანით შეგვექნა საკანონმდებლო ორგანო ეს აშკარად დაეხმარებოდა პრეზიდენტს იმაში, რომ რუსეთს ვერ ჩაეთრია საქართველო ობაბას  აბლაბუდასავით თავსმოხვეულ ომში. ნოემბრის მოვლენებამდე როდესაც თინათინ ხიდაშელმა თქვა, თუკი ხელისუფლება აფხაზეთისკენ დაძრავს ტანკებს მე ამ ტანკებს წინ დავუწვებიო ( ციტატა ზუსტი არაა, მაგრამ აზრი ასეთი იყო) მაშინ ლამის იყო მოღალატედ და კაპიტულანტად გამოაცხადეს, მაინცადამაინც ურემი უნდა გადაბრუნდეს რომ გზა გავიკვლიოთ?
   და ბოლოს; ჩემი უფროსი მეგობრები მიყვებოდნენ: სსრკ დანგრევამდე, 20-30 წლით ადრე ვიცოდით რომ დაიშლებოდა საბჭოთა იმპერიაო და მიკვირდა, ტრაბახში ვუთვლიდი; ახლა დარწმუნებით ვიცი რომ ოდესმე დაიშლება რუსეთი, და საქართველო რუსეთის იმპერიის ქელეხს დაესწრება, მაგრამ საქმე ისაა რა ფასი დაგვიჯდება ქართველებს ეს ქელეხი?!

 


2008 წლის 3 სექტემბერი

 

 

ქარდა ქარდუხი

Photo used under Creative Commons from Mizrak  © 2009 All rights reserved.

Make a free websiteWebnode